ამა თუ იმ საქმის მნიშვნელობა იმით განისაზღვრება, თუ რამდენი დრო შეგვიძლია დავუთმოთ მას. რაც უფრო მეტ დროს უთმობთ ვინმეს ან რამეს, მით მეტ მნიშვნელოვნებას იძენს თქვენს თვალში ეს ადამიანი ან საქმე. თუკი გაინტერესებთ თქვენი ნაცნობების პრიორიტეტები, დააკვირდით, რას ახარჯავენ ისინი მეტ დროს.
დრო ყველაზე ძვირფასი საჩუქარია, რადგან ჩვენ მხოლოდ მისი მკაცრად განსაზღვრული ნაწილი გვაქვს გამოყოფილი. ფული კიდევ შეგიძლიათ გამოიმუშაოთ, მაგრამ დროის მოპოვება, პრაქტიკულად შეუძლებელია. როდესაც ვინმეს თქვენი დროის ნაწილს უთმობთ, ამით საკუთარი ცხოვრების ნაწილს აძლევთ მას, რომელსაც ვეღარასოდეს დაიბრუნებთ. თქვენი დრო - თქვენი ცხოვრებაა. სწორედ ამიტომ არის იგი საუკეთესო საჩუქარი, რომელიც სხვას შეგვიძლია ვუნაწილოთ.
არ არის საკმარისი მხოლოდ ლაპარაკი იმის შესახებ, რომ ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია. საჭიროა საკუთარი სიტყვების დამტკიცება იმით, რომ დრო დაუთმოთ ამ ურთიერთობებს. ცარიელ სიტყვას არანაირი აზრი არ აქვს. „ჩემო შვილებო, ნუ გვიყვარს სიტყვებით, ნურც ენით, არამედ საქმითა და ჭეშმარიტებით" (1იოანე 3:18). ადამიანებთან ნამდვილი ურთიერთობებისთვის საჭიროა რეალური დრო, ამიტომ შეგიძლიათ ტოლობის ნიშანი დასვათ სიტყვებს - „სიყვარულსა" და „დროს" შორის.
სიყვარულის არსი იმაში კი არ მდგომარეობს, რომ ჩვენ ვფიქრობთ სხვა ადამიანებზე, ვაკეთებთ მისთვის რამეს და ვზრუნავთ, არამედ იმაში, თუ რამდენად ვაძლევთ მას თავს. ყველაზე მეტი, რაც კი შეგვიძლია შევთავაზოთ ადამიანებს - თავად ჩვენ ვართ. ხშირად, ამის გაგება ძალიან ძნელია, განსაკუთრებით მამაკაცებისთვის. ბევრი მათგანი ამბობს: „მე ვერაფერი გავუგე ჩემს ცოლსა და შვილებს. ისედაც ყველაფრით ყველაფრით ვუზრუნველყოფ მათ. რაღა უნდათ?" მათ თქვენ სჭირდებით! თქვენი თვალები, თქვენი ყურები, თქვენი დრო. თქვენი ყურადღება და რეალური სიახლოვე. ამას ვერაფერი შეცვლის!
ყველაზე სასურველი საჩუქარი საყვარელი ადამიანისგან არის არა ბრილიანტი, ვარდები, ან შოკოლადის ფილა, არამედ თქვენი დაუნაწევრებელი ყურადღება. სიყვარული იმდენად მიზანმიმართულად კონცენტრირდება თავის ობიექტზე, რომ საკუთარ თავს ივიწყებს. როდესაც ვინმეს საკუთარ ყურადღებას უთმობთ, ამით ამბობთ: „მე იმდენად გაფასებ, მზად ვარ შემოგწირო ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც კი გამაჩნია - დრო!" ვინმესთვის დროის დათმობით თქვენ გიწევთ მსხვერპლის გაღება. სწორედ მსხვერპლისთვის მზაობა არის სიყვარული განუყოფელი ნაწილი. იესომ ეს საკთარი მაგალითით დაგვიმტკიცა: „იარეთ სიყვარულში, ისევე, როგორც ქრისტემ შეგვიყვარა ჩვენ და თავისი თავი მისცა ჩვენთვის ღმერთს შესაწირავად და მსხვერპლად, საამო კეთილსურნელებად" (ეფეს. 5:2)
მსხვერპლის გაღება უსიყვარულოდაც არის შესაძლებელი, მაგრამ სიყვარული უმსხვერპლოდ არ არსებობს. „რადგან ისე შეიყვარა ღმერთმა სოფელი, რომ მისცა თავისი მხოლოდშობილი ძე..." (იოანე 3:16) გიყვარდეს - ნიშნავს დაუთმო, ვინმეს გამო დათმო საკუთარი პრიორიტეტები, კომფორტი, მიზნები, სიმშვიდე, ფული ან დრო.
სჯობს ახლავე შეიყვარო
არც ისე მნიშვნელოვანი საქმე, ზოგჯერ სჯობს მართლაც გადადოთ. მაგრამ რადგან სიყვარულზე უფრო მნიშნვნელოვანი არაფერია, მას ყოველთვის პირველ რიგში უნდა დავემორჩილოთ. ბიბლიაში არაერთხელ არის ეს ხაზგასმული. მასში წერია: „მაშ, ვიდრე დრო გაქვთ, სიკეთე ვაკეთოთ ყველამ, და უფრო მეტად მათ, ვინც ჩვენიანია რწმენით" (გალატ.6:16). „მოივაჭრეთ ჟამი, ვინაიდან დღეები მუხთალია" (ეფეს.5:16). „ნუ დაუჭერ სიკეთეს მას, ვისაც ერგება, როდესაც შენს ხელს ძალუძს ამის გაკეთება (იგავ.3:27)
რატომ არის უმჯობესი სიყვარული ახლა, გადადების გარეშე? იმიტომ, რომ არ იცით, კიდევ დიდ ხანს გექნებათ თუ არა ასეთი შესაძლებლობა. ადამიანები კვდებია, ბავშვები იზრდებიან. არანაირი გარანტია არ არსებობს ხვალინდელი დღისთვის. ასე, რომ თუკიუ ვინმესთვის თქვენი სიყვარულის გამოვლენა გსურთ, ახლავე გააკეთეთ და ნუ გადადებთ ამას.
რადგან ყველა ჩვენგანი ღვთის წინაშე წარსდგება, სცადეთ პასუხი გასცეთ შემდეგ კითხვებს:
■ როგორ აუხსნით ღმერთს იმას, რომ ამა თუ იმ დროს გარკვეული პროექტები თუ საქმეები თქვენთვის ადამიანებზე მნიშვნელოვანი იყო?
■ ვისთან უნდა ამოაგდოთ საამისოდ თქვენი დროის უდიდესი ნაწილი?
■ რომელი საქმე უნდა ამოაგდოთ საამისოდ თქვენი განრიგიდან?
■ როგორი მსხვერპლის გაღება შეგიძლიათ მისთვის?
ცხოვრების განკარგვის საუკეთესო საშუალება - მისი სიყვარულისადმი მიძღვნაა. სიყვარულის საუკეთესო გამოვლინება არის დრო. სიყვარულის გამოხატვის საუკეთესო დრო - აწმყოა.
წყარო www.holy.ge
გამოიწერეთ ბლოგი და სიახლეებთან ერთად მიიღეთ საჩუქრად მოსასმენი და წასაკითხი ელ-წიგნები
